annaმე, ანა გაბრიაძე, დავიბადე თბილისში, 1968 წლის 3 აპრილს.

შვიდ წლამდე ქალაქის ძველ უბანში ვცხოვრობდი. ვიწრო, გრძელ ქუჩას ადრე " водoвозная " ერქვა. ამ ქუჩის გავლით წყალი დაქონდათ გასაყიდად. რვაკუთხა ოთახი გვქონდა, დიდი ფანჯრებით, საიდანაც მოყავისფრო– მოწითალო აგურის კედელი მოჩანდა, რუხი ქვების ჩანართებით. ალაგ–ალაგ ქვები ამოცვენილიყო და ხვრელებიდან ამოხეთქილი ხავსი აგურის კედელზე ვრცელდებოდა. სახლი, რევოლუციამდე, მდიდარ სომეხ ვაჭარს ეკუთვნოდა, შემდგომ კი ჩამოართვეს, მრავალ ბინად დაიყო და სხვადასხვა ხალხით შეივსო . ამ სახლის ცენტრი, იტალიური ეზო–იყო სცენა...

სარდაფში ცხოვრობდა ქურთი მეეზოვე და მტვირთავი აბასი, ამბობდნენ თავის დროზე როიალს მარტო იკიდებდაო ზურგზე. ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში კი, მისი ცოლი ზოზე მეგონა – აბაზმა ის პირველ ქმარს მოსტაცა და ცოლად დაისვა.დედოფალივით ექცეოდა აბაზი თავის ზოზეს . ზოზე შავგვრემანი ქალი იყო, ძალიან ნატიფი, ჩამოქნილი ხელებით, ზედ მრავალი სამაჯური ქონდა აცმული. ასევე მრავალი მძივი ეკეთა, ყურებთან ოქროს ბურთები უბრწყინავდა. ტრადიციულად, მათებურად ეცვა აბრეშუმის და ხავერდის ტანსაცმელი ,უთვალავი ფერად–ფერადი ქვედაბოლო... ის სამოთხის ჩიტს გავდა(ჟარპტიცა არის ფასკუნჯი ქართულად). ჩვენი სახლიდან, ვიწრო ქუჩების ლაბირინთით ოპერაში ვხვდებოდით. ახლაც მიჩერდება გული: რა ლამაზი იყო ჭრელი ვიტრაჯები, უზარმაზარი ჭაღი, ღრმა და რბილი ბორდოსფერი სავარძლები, ლურჯი და ოქროსფერი ორნამენტები კედლებზე.ოპერის ბაღში კი ჯადოსნური იასამნისფერი აკაცია იზრდებოდა. სულ პატარა ვიყავი, როდესაც თბილისელი მხატვრის- გრიგორიანის ( მეტსახელად ჯოტოს ეძახდნენ) ნამუშევრები ვნახე. მათ ჩემზე ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინეს. საოცარი სითბო მოდიოდა თბილისელი ჯოტოს ნახატებიდან: მუქი ყავისფერი , შანდისფერი და მუქი წითელი, ღრმა ჩრდილები. ეს არ იყო უბრალოდ ნახატები– მე ამიხსნეს, რომ ეს არის ფერწერა!

ვრცლად